• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

პარკი

ეს იყო ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღი,  რომლის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო. იდეა ეკუთვნის ბათუმის ოლქის მაშინდელ სამხედრო გუბერნატორს გენერალ–მაიორ ა.ი. სმეკალოვს. ადგილად „ნური გელის“ ტბის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპირო შეირჩა. საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ იმავე წელს ბაღის მშენებლობის გეგმა დაამტკიცა კავკასიის მთავარმა ნაცვალმა. მშენებლობა დაევალა პრუსიელ მებაღეს რესლერს, რომელსაც გაუფორმდა ხელშეკრულება 10 წლის ვადით. პირველი ხუთი წლის მანძილზე მებაღე რესლერს ევალებოდა „გაეჭრა“ ბაღი დამტკიცებული გეგმით, რომლის მიხედვითაც ბაღი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პარკისა და ბაღისაგან. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეკიპაჟებისა და ქვეითად მოსიარულეთა ბილიკები. რესლერს ბაღში უნდა დაერგო 1,2,5 და 10 წლიანი ბუჩქოვანი მცენარეები, წიწვოვანი და დეკორატიული ხეები, კიპარისები. ყურადღება უნდა მიექცია მათი ზრდა–განვითარებისთვის. რესლერს ეხმარებოდა მისი თანამემამულე მებაღე რეიერი. 

სირთულის მიუხედავად, სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა. ქალაქი რუსეთის იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების ჩამოსვლის მოლოდინში იყო. მოკლე დროში მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიის ველური მცენარეებისაგან გაწმენდა, ხეივნების გაშენება, ჯებირების გაკეთება, მარადმწვანე მცენარეების დარგვა. ტბის ირგვლივ დაიდგა მოსასვენებელი სკამები...

1884 წლის 4 ივნისს მებაღე რესლერი გარდაიცვალა და დაწყებული საქმე ერთი წლით შეჩერდა. 1885 წლის 4 ივნისს ქალაქის ბაღისა და ახლად დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად 5 წლის ვადით ფრანგი მებაღე მ. დალფონსი მოიწვიეს.

1888 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერატორი მართლაც ეწვია ბათუმს. ბაღის სილამაზით მოხიბლულმა ოჯახის წევრებთან ერთად სიმბოლურად ხეებიც დარგო. იმპერატორმა ალექსანდრე III დიდყვავილა მაგნოლია, იმპერატრიცა მარიამ – ჩვეულებრივი კედარი, უფლისწულმა ნიკოლოზ II კი – ჩინური კინენგამია. სწორედ იმპერატორის პატივსაცემად ეწოდა ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“.

1889 წლის მაისიდან ქალაქის კეთილმოწყობის საქმეს სათავეში ჩაუდგა ნ. ტყებუჩავა, რომელმაც მებაღედ ნიკიტინის სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული ა. ხოშტარია მოიწვია. იმ დროისათვის ბაღის საერთო ფართობი 78000 კვ.მ.–ს შეადგენდა. შემდგომ წლებში ბაღის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ საბაღო საქმის ცნობილი სპეციალისტები ი. გორდეზიანი და ი. ლიონიძე.

1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, ხოლო 1933 წელს ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით – „ბავშვთა პარკად“, ცოტა მოგვიანებით – „პიონერთა პარკად“.

1933 წელს დასრულდა პარკის ცენტრალური შესასვლელის - ბერძნული სტილის კოლონადის მშენებლობა. კოლონადის შუაში დგას მეორე მსოფლიო ომის დროს 24 წლის ასაკში გმირულად დაღუპული პირველი აჭარელი მფრინავი ქალბატონის ფადიკო გოგიტიძის ძეგლი.

1936 წელს დაინიშნა პარკის პირველი დირექტორი, შალვა მაქაცარია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პარკის მატერიალური ბაზის განვითარებასა და სააღმზრდელო მუშაობის გააქტიურებაში.

1938 წელს აშენდა ბავშვთა საზაფხულო თეატრი, რომელსაც ბათუმელები „მწვანე თეატრს“ ეძახდნენ. აქ იმართებოდა საბავშვო კონცერტები, შეხვედრები, იდგმებოდა სპექტაკლები. გაიხსნა სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი წრეები, რომლების შემდგომ ანსამბლებად გადაკეთდნენ. 1947 წელს დაიდგა პირველი კარუსელი. 1967 წელს დამონტაჟდა ატრაქციონი „რუსული საქანელა“, 1968 წელს – „ჯაჭვისებური კარუსელი“, დაირგო ასობით მარადმწვანე ხე, კლუმბებსა და სკვერებს შეემატა მრავალი ყვავილოვანი მცენარე.

1960 წელს ბათუმის გემსაშენმა ქარხანამ პარკს საჩუქრად გადასცა პატარა კომფორტული გემი. იმ დროისათვის პარკში ფუნქციონირებდა „ნორჩ მეზღვაურთა წრე“. თბომავალ „პიონერზე“ ნორჩი მეზღვაურები სწავლობდნენ გემის მართვას, სამანქანო მოწყობილობის მოვლა–პატრონობას, საზღვაო რუკების შედგენას. ამ წრეში ეზიარნენ ზღვისა და გემის სიყვარულს შემდგომში ცნობილი კაპიტნები: თ. მაქაცარია, გ. სვანიძე, ნ. მხატვარი და სხვები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საჭადრაკო კლუბი „ციცინათელა“, რომელიც 1962 წელს შეიქმნა. ამ კლუბის აღზრდილები არიან ორგზის მსოფლიო ჩემპიონი დიანა დარჩია, ევროპის ჩემპიონები: სალომე მელია, ნინო მიქაძე და სხვები.

2004 წლის აპრილში მოსკოვში გამართულ გ. კასპაროვის სკოლა–აკადემიის საერთაშრისო ტურნირში საჭადრაკო კლუბმა „ციცინათელამ” გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ნოჩმა მოჭადრაკემ სალომე კეკელიძემ I დგილი. კლუბს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მოჭადრაკეები: ნ. გაფრინდაშვილი, მ. ჩიბურდანიძე, ნ. ალექსანდრია, ა. აზმაიფარაშვილი, ნ. ჟუკოვა და გ. კასპაროვი.  მათ მიერ დარგული კვიპარისები დღესაც ხარობენ პარკში გაშენებულ „მოჭადრაკეთა ხეივანში“.

 „ნორჩ ნატურალისტთა წრის“ წევრებს ზოოკუთხეში მოწყობილ სასათბურე მეურნეობაში გამოჰყავდათ ყვავილები, აკვირდებოდნენ მათ განვითარებას, შემდეგ კი რგავდნენ პარკის სკვერებში.

პარკში სულ 15 დასახელების წრე და კლუბი არსებობდა. ყველა მათგანში ბავშვები იღრმავებდნენ სკოლაში მიღებულ ცოდნას და ავლენდნენ ინდივიდუალურ ნიჭსა და მისწრაფებებს.

2006–2007 წლებში განხორციელდა პარკის ძირეული რეკონსტრუქცია. დღეისათვის ფართობი შეადგენს 16 ჰექტარს. მის მთელ ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ნიადაგი, დაიგო კორდი, დაირგო ახალი მცენარეები, გაკეთდა ინგლისური სტილის გაზონები, გამაგრდა ტბის ნაპირი და მის გარშემო ჩაირგო ნორჩი ტირიფები. აშენდა ახალი ნავმისადგომი, კეთილმოეწყო ზოოკუთხე, ბავშვებისათვის ჩაიდგა ატრაქციონები.

2006 წლიდან ქ. ბათუმის მერიის დადგენილებით „მოსწავლეთა პარკს“ „6 მაისის პარკი“ ეწოდა. მისი ტერიტორიის საერთო ფართობი უკვე 157641 კვ.მ.–ია.

პარკში კომპლექსურადაა შერწყმული გართობისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების საგანმანათლებლო– შემეცნებითი მომსახურეობის ობიექტები: დელფინარიუმი, სადემონსტრაციო აკვარიუმი და ზოოკუთხე, საბავშვო ატრაქციონები. აქ შეგიძლიათ გაიგოთ დრო „მზის საათის“ მეშვეობით, დატკბეთ დეკორატიული ე.წ. „ქვის შადრევნით“, გაისეირნოთ ტბაზე ნავით და უბრალოდ, მოისვენოთ მრავაწლოვანი ხეების ჩრდილში.

პარკის ტერიტორიაზე დგას ისრაფილ ჯინჭარაძის (ცენტრალურ შესასვლელში) და დავით კლდიაშვილის (კლდიაშვილის ქუჩის გასწვრივ) ბიუსტები, 19 აპრილს მეწყერის შედეგად დაღუპულთა  ხსოვნის აღმნიშვნელი მემორიალური ქვა (რუსთაველის ქ. მიმდებარე სკვერში).

დღეს ბათუმის „6 მაისის პარკი“ 134 წლისაა.

პარკში ყოველწლიურად აღინიშნება ეროვნული და საერთაშორისო დღესასწაულები, მნიშვნელოვანი თარიღები.

ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი