Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

იაპონური მაკაკა

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ანთრისებრნი

გვარი: მაკაკა

სახეობა: იაპონური მაკაკა 

იაპონური მაკაკა (Macaca fuscata) საკმაოდ მსხვილი მაიმუნია, მამრების სიმაღლე 80-95 სმ აღწევს,სხეულის წონა 11-18 კგ-ია, მდედრები 1,5 ჯერ ნაკლებს იწონიან. თითქმის ერთი სიგრძის კიდურები აქვთ, წაგრძელებული ცხვირპირი, წითური კანი. ხშირი მუქი რუხიფერის ბეწვი ფარავს მთელს სხეულს, გარდა სახის, ხელებისა და საჯდომის. კუდი მოკლე აქვს, არა უმეტეს 10 სმ.

წარმოადგენენ უკიდურეს ჩრდილოეთში მაცხოვრებელ პრიმატებს. მათი ბუნებრივი გავრცელების არეალი ჩრდილოეთ იაპონიაა, 1972 წელს ტეხასის ტყეებში იქნა ინტროდუცირებული. იაპონური მაკაკები ცხოვრობენ ყველა ტიპის ტყეებში, სუბტროპიკულით დაწყებული კლდოვანით დამთავრებული, სადაც იკვებებიან მწერებით, მცენარეების ძირებით, ხილით, ფოთლებით, მცირე ზომის ცხოველებით. იაპონიის ჩრდილოეთში, სადაც ზამთრის საშუალო ტემპერატურა −5 °С შეადგენს, მაიმუნები ყინვას ცხელ წყაროებთან ატარებენ.

იაპონური მაკაკები ქმნიან ჯგუფებს (20-25 ინდივიდი) , სადაც დომინირებს ერთი მამრი. ის სარგებლობს რიგი პრივილეგიებით, მაგალითად ღებულობს უკეთეს საკვებს. ხშირად ჯგუფში წესრიგის დასამყარებლად მას ეხმარება აგრესიული ”მოადგილე”. ერთმანეთთან ურთიერთობენ ბგერითი სიგნალების, მიმიკების და ჟესტების საშუალებით. კარგად ცურავენ და ყვინთავენ, ჩვევად აქვთ საჭმლის გარეცხვა ჭამის წინ.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია EN (საფრთხეში მყოფი). შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის(CITES) I დანართში.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს 4 იაპონური მაკაკა, აქედან ორი ნამატია.

 

კატისებრი ლემური

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ლემურისებრნი

გვარი: ლემურები

სახეობა: კატისებრი ლემური 

კატისებრი ლემური (Lemur catta), ნახევრად მაიმუნი, საკუთრივ ლემურების გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ-ს აღწევს, კუდისა კი 55 სმ–ს. ზურგის მხარე და თავი რუხია, მუცლისა მოთეთრო, კუდზე 15-16 შავი რგოლი აქვს, მამალი ლემურის მხარზე და წინამხარზე განლაგებულია ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სურნელოვან ნივთიერებას. აქვთ განვითარებული გრძელი თითები, მხოლოდ უკანა კიდურის მეორე თითზე აქვთ ბრჭყალი, დანარჩენებზე ფრჩხილი.

გავრცელებულია კუნძულ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ბინადრობen ხეებზე, კარგად ცოცავენ კლდეებზე, დიდ დროს ატარებენ მიწაზე. ქმნიან პატარა ჯოგებს (5-20 სული). ერთმანეთში ურთიერთობენ ყეფისა და კნავილის მსგავსი ხმებით, ზოგჯერ მკვეთრად კივიან. ლემურები მხიარულები და ერთმანეთის მიმართ ალერსიანები არიან, დახტიან ზამბარებივით, ბალანსს თავიანთი ლამაზი კუდების მეშვეობით ახერხებენ.

იკვებებიან ლეღვით, ბანანით და სხვა ხილით, ფოთლებით და ყვავილებით. ადვილად შედიან ადამიანებთან კონტაქტში. უყვართ მზეზე მიფიცხება, სიცივეში გათბობის მიზნით ერთმანეთს ეკვრიან. ზოოკუთხის პირობებში აქვთ გათბობა. კმაყოფილებას გამოხატავენ კნავილით, ადვილად შედიან ადამიანებთან კონტაქტში. ზოოკუთხეში ლემურების კვების რაციონი მეტად მრავალფეროვანია: ბოსტნეული, ხილი, ქათმის ხორცი, ხაჭო, ფაფები და ა.შ.

ბათუმის ”6 მაისის პარკის” ზოოკუთხეში ცხოვრობს 8 კატისებრი ლემური, მათგან 1 აქვე დაიბადა 2008 წლის 2 აპრილს, მას ლულუ ჰქვია.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს VU (მოწყვლადი) კატეგორია. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) I დანართში.

 

ლემური ვარი

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ლემურისებრნი

გვარი: ლემურები

სახეობა: ლემური ვარი 

ლემური ვარი (Varecia variegata), ნახევრად მაიმუნი საკუთრივ ლემურების გვარისა. კუდის სიგრძე თითქმის სხეულის სიგრძის ტოლია (60 სმ). აქვს წაგრძელებული სხეული, მომცრო თავი და მსხვილი თვალები ყვითელი გარსით , ყურები ბეწვითაა დაფარული. ბეწვი რბილი და გრძელია, სხეულის ნაწილი თეთრი ფერისაა, ხოლო თავი, კუდი და კიდურები შავი. უკანა კიდურები წინაზე ბევრად გრძელია. უკანა კიდურის მეორე თითზე აქვთ ბრჭყალი, დანარჩენებზე კი ფრჩხილი.

გავრცელებულია კუნძულ მადაგასკარის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ სახეობის ლემურები cxovroben პატარა ჯოგებად (2-5 ინდივიდი). როგორც წესი ბინადრობენ ძირითადად ხეებზე. იკვებებიან ბანანით და სხვა ხილით, ფოთლებით და ყვავილებით, მიირთმევენ კვერცხებს, მცირე ზომის ჩიტებს. კარგად იტანენ ტყვეობას. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს EN (საფრთხეში მყოფი) კატეგორია. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) I დანართში.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს 4 ლემური ვარი. ერთი მამრი ტიკო და ორი მდედრი: ჯინა, ვიკა და პინა.

 

მაიმუნი დე ბრაზა

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ანთრისებრნი

გვარი: ანთარი

სახეობა: დე ბრაზა 

სახელი დე ბრაზა ეწოდა ფრანგი მკვლევარის პიერ სავორგნან დე ბრაზა-ს საპატივცემულოდ. ამ სახეობის მაიმუნებს ახასიათებთ სხეულის განსაკუთრებულად მკვეთრი შეფერილობა: რუხი ფერის ბეწვი, წითური შუბლი, ქათქათა თეთრი წვერი, შავი კუდი და კიდურები, გვერდებზე კი კონტრასტული თეთრი ზოლი. ბინადრობენ ცენტრალური აფრიკის, ანგოლის, კამერუნის, ეთიოპიის, გვინეისა და კონგოს ჭაობიან ადგილებში. მათ ასევე შეხვდებით მთის მშრალ და ბამბუკის ტყეებში, მდინარეებთან ახლოს.

ცხოვრობენ ოჯახებად 6-13 ჰა მიწის მონაკვეთზე, გაურბიან სხვა მაიმუნებთან მეზობლობას. განსაკუთრებით აქტიურობენ დღის განმავლობაში, დიდ დროს ატარებენ ხეებზე, მიწაზე 

დახეტიალობენ საჭმლის საძიებლად, შეუძლიათ ცურვა. თავდაცვისათვის იყენებენ ძლიერ ეშვებს. იკვებებიან მცენარეების ნაყოფითა და თესლებით, ფოთლებით, ყვავილებით, სოკოებით, მწერებით. თავდაცვის კარგი უნარის გამო იშვიათად ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC (Least Concern)

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს ამ სახეობის 4 მაიმუნი: ჯეკი, ჯონი, ჯინა და ჯესიკა.

 

მაკაკა რეზუსი

 

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ანთრისებრნი

გვარი: მაკაკა

სახეობა: მაკაკა რეზუსი 

მაკაკა რეზუსი პრიმატებიდან ყველაზე ცნობილი და მრავალრიცხოვანი სახეობაა. მისი სხეულის წონა 8-13 კგ-ია, სიგრძე 80სმ აღწევს, ხოლო კუდის ზომა თითქმის სხეულის სიგრძის ნახევარია. მაკაკა რეზუსის ბეწვი მომწვანო, მოყვითალო ფერისაა, ხოლო სახე, ყურები და კიდურები ღია ხორცისფერი. ბინადრობენ აზიაში, ავღანეთში, სამხრეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში. ცხოვრობენ ტყეებსა და ბუჩქოვან ტერიტორიებზე. ძალიან ენერგიულია. ცხოვრობენ ჯგუფებად (საშუალოდ 20, ზოგჯერ 180 ინდივიდზე მეტიც კი), დიდ დროს ატარებენ მიწაზე, ადვილად გადაადგილდებიან ქვედა ორი კიდურითაც. კარგად ცურავენ და ყვინტავენ კიდეც. ერთმანეთთან ხმოვანი სიგნალის გარდა ურთიერთობენ მიმიკებით, პოზებით, გრუმინგითა და კუდის მოძრაობითაც კი. ვერტიკალურად მაღლა აწეული კუდი ლიდერობის და ძალაუფლების ნიშანია. იერარქია საკმაოდ გამოკვეთილია, თუმცა ხშირად ირღვევა. ისინი ძალიან აგრესიულებია, მათ შორის ხშირად ხდება ჩხუბი, მაგრამ მალევე წყნარდებიან. ინდოეთში ითვლება წმინდა ცხოველად, მათ ხშირად მინდორში აუღებელ მოსავალს უტოვებენ.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს 4 მაკაკა რეზუსი: 2 მამრი და 3 მდედრი.

 

მანდრილი

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ანთრისებრნი

გვარი: მანდრილი

სახეობა: მანდრილი 

მანდრილი – უმდაბლესი ცხვირვიწრო მაიმუნების ანთრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, საოცრად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობის ცხოველია. გავრცელებულია დასავლეთ აფრიკაში, კონგოსა და გვინეას ტენიან და კლდოვან ტყეებში. უმეტეს დროს მიწაზე ატარებს, მაგრამ ხეზე სძინავს და იკვებება. ზრდასრულ მამრის სხეულის სიგრძე 70-80 სმ, მასა 20 კგ აღწევს. მანდრილს დიდი თავი, წინ წამოწეული ფართო ცვირ-პირი და წითელი ცხვირი აქვს, ლოყის გასწვრივ ნაოჭიანი პრიალა ლურჯი ლილვაკები გასდევს. ამავე სახეობის მდედრი ინდივიდებისათვის მკვეთრი შეფერილობა ნაკლებად არის დამახასიათებელი. მათ მხოლოდ მცირე მოცისფრო ლაქები აქვთ სახის გვერდითა ნაწილებზე. წინა კიდურები უკანაზე გრძელია. მდედრი მამრზე ორჯერ მცირეა.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს VU (მოწყვლადი) კატეგორია. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) I დანართში.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს მანდრილი სახელად სულთანი.

 

პავიანი ბაბუინი

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ანთრისებრნი

გვარი: პავიანი

სახეობა: ბაბუინი 

ბაბუინი (Papio cynocephalus) ანთრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სხეულის სიგრე საშუალოდ 75 სმ, კუდის - 60 სმ აღწევს. ბეწვი მოყვითალო ფერისაა, ამიტომ მათ ზოგჯერ ყვითელ ბაბუინებსაც ეძახიან. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, კამერუნში, სენეგალში, გვინეაში. იკვებება მცენარეებითა და მცირე ზომის ცხოველებით.

ცხოვრობენ ჯგუფებად (80-მდე ინდივიდი) მკაცრი იერარქიული ხაზით. ურთიერთობენ 20-მდე სხვადასხვა ბგერითი სიგნალისა და ათამდე ჟესტის მეშვეობით. ჯგუფში ყოველთვის დომინირებს რამოდენიმე მამრი, მათი შემადგენლობა სტაბილურია წლების მანძილზე. საფრთხის შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LR - დაბალი რისკი. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე ყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს პავიანი ბაბუინი მეტსახელად ბონი.

 

პავიანი ჰამადრილი

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: პრიმატები

ოჯახი: ანთრისებრნი

გვარი: პავიანი

სახეობა: ბაბუინი 

ჰამადრილი (Papio hamadryas), ძუძუმწოვარი ცხოველი პრიმატების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე მეტრამდე აღწევს, კუდისა 20-25 სმ, მასა 20-30 კგ-ია. აქვთ ძაღლისებურად წაგრძელებული ყბები, კარგად გამოკვეთილი ნესტოები, ამის გამო უწოდებენ ცინოცეფალს (ძაღლისთავიანს). მამრებს აქვთ რუხი, ფერფლისფერი ბეწვი. სქესობრივი სიმწიფისას ეზრდებათ ხშირი ფაფარი, ე.წ. მანტია, მხრებიდან ხერხემლის შუა ნაწილამდე. აქვთ კარგად განვითარებული წითელი ფერის საჯდომი კორძები. მდედრების ბეწვი რუხი ყავისფერია, ისინი მამრებზე პატარებია, თითქმის ორჯერ . ჰამადრილები ისევე, როგორც ყველა პავიანი ბინადრობენ აფრიკაში. ისინი გავრცელებულია აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აღმოსავლეთ სუდანში, ჩრდილოეთ სომალიში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ძველ ეგვიპტეში მათ წმინდა ცხოველებად თვლიდნენ. ცხოვრობენ ნახევრადუდაბნო ადგილების ბუჩქოვან ზონაში. ზაფხულში ადიან მაღლა მთებში. ქმნიან დიდ ჯოგებს (100-150 ინდივიდი). ჯოგს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ძლიერი მამრი.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს 6 ჰამადრილი, მამრი - ბინგო, მდედრი - ბეა და მათი შვილები ზულუ, როკი და ფლორა. ასევე ზოოკუთხეშია დაბადებული ბაჩო, რომელიც სისუსტის გამო დაბადებისთანავე ზოოკუთხის თანამშრომლებმა ხელით გამოზარდეს. იგი ბინგოს და ბეას შვილია.

ზემოთ