Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

ანტილოპა  გარნა

(Antilope cervicapra)

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: წყვილჩლიქოსნები

ოჯახი: ღრურქიანები

გვარი: ანტილოპა

სახეობა: გარნა

წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველია, მიეკუთვნება ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახს. გავრცელებულია ინდოეთში.

ანტილოპები ჯოგებად ცხოვრობენ უხვბალახიან ვაკე ადგილებში. ისინი არასოდეს შედიან ტყეებში. გაქცევის დროს გარნას სიჩქარე აღწევს  80–96 კმ/სთ–ს, ნახტომის სიმაღლე 2 მ–ა, ხოლო ნახტომებს შორის მანძილი – 6,6 მ. სხეულის სიგრძე 120 სმ-ზე მეტი, ხოლო სიმაღლე 80 სმ–ზე მეტია. წონა: 40 კგ–ზე მეტი.

ვაცს საკმაოდ გრძელი, 4 ან მეტი ბრუნით სპირალისებრი დაგრეხილი 70 სმ-მდე სიგრძის რქები აქვს. მამრის ბეწვი ყავისფერია. მუცელი, ცხვირი, თვალის გარშემოწერილობა თეთრი ფერისაა. მამრების შეფერილობა რქების ზრდასთან ერთად მუქდება და შავი ხდება. მდედრების ბეწვი ღია მოწითალო ფერისაა, ასეთივე შეფერილობა გააჩნია ახალგაზრდა ცხოველებს. გადაადგილდებიან ჯოგებად 15–20 ცხოველის შემადგენლობით. ჯგუფს ჰყავს ერთი მეთაური. ანტილოპა ერთ–ერთი უსწრაფესი ცხოველია. ეს მას საშუალებას აძლევს ადვილად დაუსხლტეს მტაცებელს შორ დისტანციებზეც კი. საშუალოდ 12 წელიწადს ცოცხლობენ.

შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის CITES  III დანართში. მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია NT (საფრთხესთან ახლოს მყოფი).

ბათუმის ზოოკუთხეში 11 სული ანტილოპა ბინადრობს, აქედან 9 ჩვენთანაა დაბადებული. ბოლო დაიბადა 15.07.2014, სქესი ჯერჯერობით უცნობია.

 

ირემი აქსისი

(Axis axis)

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: წყვილჩლიქოსნები

ოჯახი: ირმისებრნი 

ირემი აქსისი ძირითადად ბინადრობს ინდოეთში, შრი-ლანკაზე, ნეპალში, ბანგლადეშსა და პაკისტანში. ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, მდინარეებთან ახლოს. აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიასა და არგენტინაში. თავს კარგად გრძნობს საქართველოშიც. ვერ ეგუება მკაცრ ზამთარსა და უხვთოვლიან ადგილებს.

მოწითალო-ოქროსფერი ბეწვი აქვს, მკვეთრი თეთრი ხალებით. მხოლოდ მამრებს აქვს რქები. სხეულის სიგრძეა 110-140 სმ, მამრი მდედრზე უფრო დიდია. სიმაღლე 75-100 სმ-ია, იწონის 85-100 კგ-ს.

ქმნის 10 და მეტსულიან ჯოგებს. კარგად ცურავს, მტრისაგან თავის დასაცავად შედის მდინარეში. იკვებება მცენარეებით, ბალახებით, ფოთლებითა და ტოტებით.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC (საჭიროებს ზრუნვას).

ბათუმის ზოოკუთხეში აქსისების სადგომები მოწყობილია გაშლილ მინდორზე, სადაც 2 მამრი და 7 მდედრი ბინადრობს. აქედან 6 ბათუმის ზოოკუთხეშია დაბადებული.

 

ხალებიანი ირემი

(Cervus Nippon)

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: წყვილჩლიქოსნები

ოჯახი: ირმისებრნი 

ხალებიანი ირემი ძირითადად გავრცელებულია იაპონიაში, ასევე ტაივანში, ვიეტნამში, კორეაში, ჩრდ. აღმოსავლეთ ჩინეთში. აკლიმატიზებულია ევროპასა და კავკასიაში. ბინადრობს ფართოფოთლოვან ტყეებში, ძირითადად, მუხნარსა და კედნარში.

მისი სხეულის სიგრძე 160-180 სმ-ია, სიმაღლე - 95 სმ-ზე მეტი, მამრის სხეულის წონა 40-70 კგ, ხოლო მდედრის - 30-45 კგ-ია. ზაფხულში მოწითალო შეფერილობა და კარგად გამოკვეთილი თეთრი ხალები აქვს, ზამთარში შეფერილობა მუქ რუხ ფერს იღებს და თეთრი ლაქები ცუდად ეტყობა. 10 თვის ასაკში მამრებს რქების ადგილზე უჩნდებათ 3-4 სმ სიმაღლის დოყი, შემდეგ ეზრდებათ დაუტოტავი რქები, რომლებსაც იცვლიან 1 წლის შემდეგ. თანდათანობით რქები ეტოტებათ 80 სმ-ზე მეტ სიმაღლეზე.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC საჭიროებს ზრუნვას.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს 3 მამრი და ერთი მდედრი. აქედან ერთი ბათუმის ზოოკუთხეშია დაბადებული.

 

ზებრა

(Equus quagga)

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

 სამეფო: ცხოველები

 კლასი: ძუძუმწოვრები

 რიგი: კენტჩლიქოსნები

 ოჯახი: ცხენისებრნი 

ზებრა, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (Equus burchelli), მთის ზებრა (Equus zebra) და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა (Equus grevyi). ზებრა დიდ ჯოგებად ტყიან ადგილებსა და ბუჩქნარში ბინადრობს. ქმნიან პატარა ოჯახებს, რომლებშიც ძირითადად ერთი მამრი, რამდენიმე მდედრი და მათი ნაშიერია. ღია ველებზე ძირითადად იკვებებიან ბალახით, აგრეთვე ხილითა და სხვადასხვა მცენარის ფესვებით. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანეებში. არსებობს მოსაზრება, რომ ზებრები ერთმანეთს ზოლების მოხაზულობის წყალობით ცნობენ (ყველა ზებრას ინდივიდუალური და განსხვავებული ზოლები აქვს). ზებრას კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები გააჩნია. შესანიშნავად ხედავს როგორც დღისით, ასევე ღამით (ითვლება, რომ მას ფერების გარჩევაც შეუძლია). ასევე კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. სხეულის სიგრძეა 2-2,5 მ, წონა 200–დან 450 კგ-მდე.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC (საჭიროებს ზრუნვას).

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს 2 ზებრა: ზებრა ბურჩელის მამრი (Equus quagga burchellii) და ზებრა გრანტა (Equus quagga boehmi) მდედრი.

ზემოთ