Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

„6 მაისის პარკი“ მფლობელობაში შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს“ ბათუმის მერიისგან გადაეცა. პარკის ტერიტორია 157641 კვ.მ.–ია და მის ცენტრში ლაგუნური წარმოშობის „ნური გელის“ ტბაა. ტბის გარშემო ხარობს იშვიათი ჯიშის წიწვოვანი და დეკორატიული ხეები, ბუჩქოვანი მცენარები, კვიპაროსები. აქვეა განთავსებული შემდეგი შემეცნებით–საგანმანათლებლო ობიექტები: დელფინარიუმი, აკვარიუმი, ზოოკუთხე, ასევე ატრაქციონები, მზის საათი, ე.წ. „ქვის შადრევანი“ და უფასო პარკინგი. აღსანიშნავია, რომ შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი“ მომხმარებელს ნებისმიერ სერვისს მსოფლიო სტანდარტებთან შეფარდებით გაცილებით დაბალი ტარიფით სთავაზობს.

„6 მაისის პარკი“ გახლავთ ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ბაღი საქართველოში. ის 134 წლისაა. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა პარკის მცენარეული საფარი: უძველესი რელიქტური ხეები, უმშვენიერესი ბუჩქოვანი და ულამაზესი ყვავილოვანი მცენარეები, მწვანე ხასხასა კორდით დაფარული გაზონები... აქ მშვიდ გარემოში შეგიძლიათ დატკბეთ ჩიტების ჭიკჭიკით, უცქიროთ ტბას და ისარგებლოთ სხვადასხვა გასართობი ობიექტით:

- დელფინარიუმი თანამედროვე დიზაინის არქიტექტურული შენობაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ იხილავთ აფალინას სახეობის დელფინებსა და ზღვის ლომებს;

- სადემონსტრაციო აქვარიუმში წარმოდგენილია შავი ზღვისა და სხვადასხვა მდინარის დეკორატიული და იშვიათი სახეობის თევზები;

- ზოოკუთხე შედგება პრიმატების, ჩანთოსნების, ჩლიქოსნებისა და ორნითოლოგიური განყოფილებებისაგან. ჩვენი ზოობინადრები არიან სხვადასხვა სახეობის ანთრები, წითური კენგურუები, ხალებიანი ირმები და აქსისები, ანტილოპები, შეტლანდიური პონები, ულამაზესი ეგზოტიკური თუთიყუშები და სხვა.

- ატრაქციონები განკუთვნილია სკოლამდელი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

კვლევითი ცენტრის ძირითადი მიზანი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებაა. ეს გულისხმობს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის კვლევას, სტუდენტებისათვის სასწავლო–კვლევითი ბაზის გაუმჯობესებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას. ჩვენი მიმდინარე პროექტებია:

•შავი ზღვის ძუძუმწოვრების რეაბილიტაცია;

•ზღვის ძუძუმწოვართა რეპროდუქციული პროგრამა;

•დელფინოთერაპია, რომელიც მოიცავს დელფინებთან ცურვის პროგრამასა და უნარშეზღუდული ბავშვების ნატუროფსიქოთერაპიას დელფინების მონაწილეობით;

•ფეხფარფლიანთა საგანმანათლებლო-შემეცნებითი შოუ;

•დელფინების საგანმანათლებლო-შემეცნებითი შოუ.

ზღვის ძუძუმწოვრების სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობა დიდია, რადგანაც ამ ობიექტის ძირითადი დანიშნულება გამორიყული და გასაჭირში ჩავარდნილი შავი ზღვის დელფინების გადარჩენა, რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეკოლოგიურ-ბიოლოგიური განათლებისთვის ზრუნვაა. ცენტრი მზად არის შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის შემთხვევაში საკუთარი სახსრებითა და საშუალებებით განახორციელოს გამორიყული დელფინების ტრანსპორტირება ცენტრში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მათ კვალიფიციური ვეტერინარული დახმარება და მოახდინოს გამორიყულთა რეაბილიტაცია. შპს თანამშრომლობს ილიასა და რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრთან, თბილისის ზოოპარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ აქტიურად მონაწილეობს სტუდენტების საკურსო, სადიპლომო და სხვა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შესრულებაშიც. დელფინარიუმი აღჭურვილია წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიებით, ვეტერინარული და კლინიკურ-ბიოქიმიური კვლევისათვის საჭირო ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით. ცენტრს ემსახურება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელთაც ზღვის ძუძუმწოვრების ნოოგენურ გარემოში მოვლა-შენახვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში“ მუშაობს 150 თანამშრომელი. ორგანიზაცია ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით.

ზემოთ